„ვერცერთი დეკლარაცია და განცხადება ვერ გადაფარავს იმ დატვირთვას და იმ მნიშვნელობას, რაც საკუთარი ღირსების დემონსტრირებით მოახერხა და განახორციელა ვაჟა გაფრინდაშვილმა“, - ამის შესახებ განცხადებას ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
მისი განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილით პირველ რიგში ხელისუფლება უნდა იყოს მადლიერი.
„ვერცერთი დეკლარაცია, განცხადება, შეშფოთება, ვიზიტი თუნდაც მავთულხლართების დასათვალიერებლად ვერ გადაფარავს იმ დატვირთვას და იმ მნიშვნელობას, რაც საკუთარი ღირსების დემონსტრირებით მოახერხა და განახორციელა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რისთვისაც მადლიერი უნდა იყოს პირველ რიგში ხელისუფლება და თითოეული ჩვენთაგანი“, - განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში 28-ე დღეა იმყოფება. ამ დრომდე არ არის ცნობილი როდის დატოვებს ცხინვალის ციხეს ქართველი ექიმი, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქის დასაცავად და გასათავისუფლებლად, უცნობია. პროტესტი გრძელდება. ხვალ თავისუფლების მოედანზე დღის 1 საათზე ის მოქალაქეები შეიკრიბებიან ვისთვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლება და ქვეყნის ოკუპაცია მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა.